„სიენენი“ - ნატო-ს წევრი ქვეყნების დაზვერვის შეფასებით, რუსეთი სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირს შეუძლიათ, უკრაინას გაუგზავნონ
„სიენენი“ - ნატო-ს წევრი ქვეყნების დაზვერვის შეფასებით, რუსეთი სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირს შეუძლიათ, უკრაინას გაუგზავნონ

„სიენენის“ ინფორმაციით, ნატო-ს წევრი ქვეყნების დაზვერვის შეფასებით, რუსეთი სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირს შეუძლიათ, უკრაინას გაუგზავნონ. როგორც ამერიკული ტელეკომპანია იუწყება, ყოველთვიურად რუსეთი, სავარაუდოდ, 250 ათას საარტილერიო ჭურვს აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში წელიწადში სამი მილიონი ჭურვი მზადდება.

როგორც „სიენენს“ ევროპული სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა უთხრა, აშშ-სა და ევროკავშირს ერთობლივად უკრაინისთვის წელიწადში მხოლოდ 1,2 მილიონი ჭურვის მიწოდების რესურსი აქვთ.

„სიენენთან“ საუბარში ანონიმური წყარო ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთი უკრაინაში ყოველდღიურად 10 000 ჭურვს იყენებს, ხოლო უკრაინა – 2 000 ათასს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ მიიღო მოკავშირეებისგან თანამედროვე შეიარაღება, მაგრამ, სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ომში, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებს.

ნატო-ს წარმომადგენელთა თქმით, რუსეთი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის განკუთვნილ ქარხნებს 24-საათიან რეჟიმში ამუშავებს. მუშახელი 12 საათში ერთხელ იცვლება. რუსეთის სამხედრო მრეწველობაში ამჟამად დასაქმებულია 3,5 მილიონი ადამიანი. ომამდე მათი რიცხვი 2-2,5 მილიონი იყო.

ამას გარდა, „სიენენის“ ცნობით, რუსეთი ჭურვებს იღებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო მანქანა ახლა სრული სიმძლავრით მუშაობს, მასაც აქვს შესაძლებლობების ზღვარი, რომელსაც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რუსეთის სამხედრო მრეწველობა მომავალ წელს მიაღწევს. ხოლო დასავლეთს გრძელვადიან პერიოდში შეუძლია, აჯობოს რუსეთს საბრძოლო მასალის წარმოებაში.