„სიენენი“ - 2021 წლის აუდიოჩანაწერში დონალდ ტრამპი აღიარებს თეთრი სახლიდან გრიფით საიდუმლო დოკუმენტების გატანას, რომლებშიც ირანზე პოტენციური თავდასხმის შესახებ იყო საუბარი
ამერიკელმა პროკურორებმა 2021 წლის აუდიოჩანაწერი მოიპოვეს, სადაც ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს თეთრი სახლიდან გრიფით საიდუმლო დოკუმენტების გატანას, რომლებშიც ირანზე პოტენციური თავდასხმის შესახებ იყო საუბარი, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ჩანაწერიდან, რომელშიც ირანის საკითხზე ორი წუთის განმავლობაში საუბრობენ, ირკვევა, რომ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ იცოდა, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტს ფლობდა. „სიენენის“ ინფორმაციით, კომენტარებიდან ირკვევა, რომ მას ასევე სურდა ამ ინფორმაციის გაზიარება, თუმცა იმის გამო, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ დოკუმენტების გასაჯაროების უფლება ეზღუდება, ეს ვერ შეძლო. აქვე აღნიშნულია, რომ შეხვედრა, რომელზეც აუდიოჩანაწერი განხორციელდა, ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო.
ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლოებების დაცვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიებას იუსტიციის დეპარტამენტის საგანგებო იურისტი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობს, რომელიც ახლა ყურადღებას სწორედ ამ შეხვედრაზე ამახვილებს. „სიენენს“ ანონიმური წყაროები უცხადებენ, რომ მოპოვებული მტკიცებულებები ტრამპის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.