„სიენენი“ - „ჰეინეკენი“, „უნილევერი“ და „ორეოს“ მწარმოებელი კომპანია რუსული ბაზრის დატოვების პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს
Heineken-ი, Unilever-ი და Oreo-ს მწარმოებელი კომპანია რუსული ბაზრის დატოვების პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ათასზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა რუსული ბაზარი მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ზოგიერთი ცნობილი ფირმა მკვლევარებმა აღნიშნული პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს.
„სიენენის“ ინფორმაციით, გამოქვეყნდა იმ კომპანიების სია, რომლებსაც ადანაშაულებენ ბაზრის დატოვების ან, სულ მცირე, მათი ოპერირების მაქსიმალურად შემცირების პირობების დარღვევაში. ეს კომპანიებია: „ჰეინეკენი“, „უნილევერი“ და „ორეოს“ მწარმოებელი „მონდელესი“.
კვლევის ავტორი იელის პროფესორი ჯეფ სონენფელდია. მისი ცნობით, კომპანიების მხრიდან ბაზრის დატოვების გადაწყვეტილებამ რუსეთის ეკონომიკას დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. პროფესორის თქმით, რუსეთში ყოფნით კომპანიები არღვევენ მორალურ კოდექსს და წირავენ საკუთარი ბრენდების რეპუტაციას.
„მომხმარებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ, ამ კომპანიებს მხარდაჭერით, ისინი მხარს უჭერენ რაღაცას, რაც აძლიერებს პუტინის ომის მანქანას“, – აღნიშნავს სონენფილდი.
აღნიშნული კვლევა ემყარება ადგილობრივ ექსპერტებს, რუსეთში მოქმედ სტუდენტებს, კორპორატიულ დოკუმენტებსა და ახალი ამბების მედიის ანგარიშებს.