„სიენენი“ - გასულ წელს აშშ-მა, ინდოეთში გადამუშავების შემდეგ, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა
„სიენენი“ - გასულ წელს აშშ-მა, ინდოეთში გადამუშავების შემდეგ, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა

გასულ წელს აშშ-მა, ინდოეთში გადამუშავების შემდეგ, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის“ ანალიზზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემა წერს, რომ 2023 წელს ინდოეთმა რუსეთისგან 37 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი შეიძინა.

„სიენენის“ ინფორმაციით, ინდოეთმა 13-ჯერ გაზარდა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა ომამდელ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნედლი ნავთობის გაყიდვები ინდოეთში არ ექვემდებარება სანქციებს და არის სრულიად ლეგიტიმური, გადაზიდვის მარშრუტების გამოკვლევით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გადაზიდვების დიდი მოცულობა, შესაძლოა, ხორციელდებოდეს მოსკოვის მიერ სპეციალურად შექმნილი ნედლი ნავთობის ტანკერების ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტით“.

„სიენენი“ წერს, რომ საბერძნეთის ლაკონიის ყურეში ნავთობპროდუქტები ერთი ტანკერიდან მეორეში გადააქვთ, რაც ზოგჯერ პროდუქტის წარმოშობისა და საბოლოო დანიშნულების შენიღბვის მიზნით ხდება.