„სიენენი“ - ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მოსალოდნელი დივერსიების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
„სიენენის“ ცნობით, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მოსალოდნელი დივერსიების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპაში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმების საფრთხე რუსეთთან დაკავშირებული პირების მხრიდან არსებობს.
როგორც „სიენენს“ ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს, აშშ-ის დაზვერვამ ბოლო ორ კვირაში მიიღო ინფორმაცია, რომ „რუსეთი ამერიკულ ბაზებსა და სამხედრო პერსონალს ნდობით აღჭურვილი პირების საშუალებით თავდასხმებისთვის შესაძლო სამიზნედ განიხილავს“.
მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია „საფრთხის შემცველად“ განიხილება და ამის გამო „უსაფრთხოების დამატებითი პროტოკოლი“ ამოქმედდა.
„სიენენი“ ჯერ კიდევ 30 ივნისს წერდა, რომ ევროპაში მდებარე ამერიკული ბაზები გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანეს. კერძოდ, უსაფრთხოება გამკაცრდა შტუტგარტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ძალების ევროპული სარდლობის შტაბბინაა დისლოცირებული.