„სიენენი“ (CNN) - დონალდ ტრამპმა ვენესუელას სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა
დონალდ ტრამპმა ვენესუელას სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა. ამის შესახებ „სიენენი“ (CNN) თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, აშშ-მა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების აქტივები დაბლოკა. ამასთან ერთად, აშშ-ში მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური ოპერაციები აიკრძალა. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების დროს განხორციელებული ოპერაციები.
დონალდ ტრამპის წერილში აღნიშნულია, რომ ვენესუელას საწინააღმდეგო ემბარგო ნიკოლას მადუროს უკანონო უზურპაციას უკავშირდება, რომელიც ვენესუელაში კვლავ გრძელდება. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ვენესუელაში ადამიანის უფლებები გამუდმებით ირღვევა.
ხუან გუაიდომ აშშ-ის მიერ დაწესებული ემბარგო დადებითად შეაფასა. ვენესუელელი ოპოზიციონერის განცხადებით, მადუროს მხარდამჭერმა მაღალჩინოსნებმა უნდა გაიგონ, რომ ნიკოლას მადუროს ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის პარალელურად, ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.