„სიენენი“ – დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე კუშნერი „ჰამასის“ ლიდერს მხოლოდ ერთხელ, წინა სამშვიდობო შეთანხმების განსახილველად შეხვედრია. ეს შეთანხმება საფუძვლად დაედო ღაზის სექტორში ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
როგორც „სიენენი“ წერს, ჯარედ კუშნერი და მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელი 17 აგვისტოს ისრაელში გაემგზავრებიან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავენ მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის საბჭომ მიაღწია „ისტორიულ შეთანხმებას“ „ჰამასისა“ და ღაზის სექტორში მოქმედი ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრულ განიარაღებაზე. 15-პუნქტიანი გეგმა ისრაელის ძალების გაყვანასაც ითვალისწინებდა ღაზის სექტორიდან. შემდგომში ნეთანიაჰუმ შეთანხმება უარყო. მისი განმარტებით, ისრაელი „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე სამხედროებს ღაზის სექტორიდან არ გაიყვანს.