იაირ ლაპიდი – ნეთანიაჰუ სერიული მატყუარაა, ერთადერთი გამოსავალი ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ გარეშე, გადი ეიზენკოტის ხელმძღვანელობით მთავრობის ფორმირებაა
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას გადი ეიზენკოტთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტის როტაციული პრინციპით დაკავების შესახებ ისრაელელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, პარტია „იეშ ატიდის“ წევრი იაირ ლაპიდი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებას უარყოფს და მას „გამჭვირვალე თაღლითობას“ უწოდებს.
მისი თქმით, ნეთანიაჰუ „სერიული მატყუარაა, რომელმაც ყველა პარტნიორი მოატყუა და ყველა შეთანხმება დაარღვია“. ლაპიდი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი გადი ეიზენკოტის ხელმძღვანელობით მთავრობის ფორმირებაა ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ გარეშე.
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია Bennett 2026-ის დამფუძნებელი ნაფტალი ბენეტი კი ნეთანიაჰუს ინიციატივას მიესალმება. ამავდროულად, მისი თქმით, შეთავაზებას ეჭვის თვალით უნდა მოეკიდონ მანამ, ვიდრე მისი ნამდვილობა არ დამტკიცდება.
„ნეთანიაჰუმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოაცხადა, რომ მზად არის, ჩამოაყალიბოს ერთიანი მთავრობა, თავდაპირველად აიზენკოტის ხელმძღვანელობით. მტკიცების ტვირთი ახლა ნეთანიაჰუს ეკისრება, რათა აჩვენოს, რომ ეს არის ნამდვილი განზრახვა და არა მხოლოდ სიტყვიერი დაპირება“, – განაცხადა ბენეტმა.
ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მზად არის, მის მთავარ ოპონენტთან, გადი ეიზენკოტთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციული პრინციპით დაიკავოს და ამასთან, თანახმაა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თავდაპირველად ეიზენკოტს დაუთმოს.
27 ოქტომბრის ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირეებმა 120-ადგილიან პარლამენტში 53 მანდატი მოიპოვეს, მისი მოწინააღმდეგე პარტიების კოალიციამ, გადი ეიზენკოტის „იაშარმა“ კი – 48 მანდატი, არაბულ პარტიებს კი – 19 მანდატი.
8 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პარტია „იაშარის“ ხელმძღვანელს, გადი ეიზენკოტს მთავრობის ფორმირება დაავალა. ეიზენკოტმა მთავრობის ფორმირება 42 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას თუ ვერ შეძლებს, ისააკ ჰერცოგი ნეთანიაჰუს აირჩევს კოალიციის შესაქმნელად. ნეთანიაჰუც თუ ვერ მოახერხებს მთავრობის ფორმირებას, ამის შანსი კიდევ ერთ კანდიდატს ექნება და მისი წარუმატებლობის შემთხვევაში, ისრაელში ახალი არჩევნები დაინიშნება. ამასთან, 10 ნოემბერს ისრაელის პარლამენტმა ახალი მთავრობის გარეშე დადო ფიცი, რადგან არჩევნებიდან დღემდე კოალიციის შექმნა ვერცერთმა მხარემ შეძლო.