ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს

22:31, 28.11.2026

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან, გადი ეიზენკოტთან, როტაციის პრინციპით გაინაწილოს. ამასთან, ნეთანიაჰუ მზად არის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თავდაპირველად ეიზენკოტს დაუთმოს.

ნეთანიაჰუს თქმით, ის ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიას, „ლიკუდს“ ხელმძღვანელობს, რომელმაც არჩევნებში ეიზენკოტის პარტიაზე ოთხჯერ მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტი თავდაპირველად ოპონენტს დაუთმოს.

„ეგზისტენციალური საფრთხის მასშტაბისა და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელსაც ამ საფრთხესთან გამკლავება არ შეეძლება, ლიდერობა მოითხოვს, ყველაფერი გვერდზე გადავდო, მათ შორის, ყველაზე დიდი პარტიის პრინციპიც. მზად ვარ, დავთანხმდე, რომ გადი ეიზენკოტი პირველი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მე კი მისი უფლებამოსილების ვადის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვიქნები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირეებმა 120-ადგილიან პარლამენტში 53 მანდატი მოიპოვეს. მის მოწინააღმდეგე პარტიათა კოალიციამ, რომელსაც გადი ეიზენკოტის პარტია „იაშარი“ ხელმძღვანელობს, 48 მანდატი მიიღო, არაბულმა პარტიებმა კი ჯამში 19 მანდატი მოიპოვეს.

8 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პარტია „იაშარის“ ლიდერს, გადი ეიზენკოტს მთავრობის ფორმირება დაავალა. მას ამისთვის 42 დღე აქვს. ​ეიზენკოტი მთავრობის ჩამოყალიბებას თუ ვერ შეძლებს, პრეზიდენტი კოალიციის ფორმირების შესაძლებლობას ნეთანიაჰუს მისცემს. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ნეთანიაჰუ მოახერხებს მთავრობის ფორმირებას, აღნიშნული შესაძლებლობა კიდევ ერთ კანდიდატს მიეცემა. მისი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება.

10 ნოემბერს ისრაელის პარლამენტის წევრებმა ახალი მთავრობის ფორმირების გარეშე დადეს ფიცი, რადგან არჩევნებიდან დღემდე ვერცერთმა პოლიტიკურმა მხარემ კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას კვლავ ბენიამინ ნეთანიაჰუ შეასრულებს.

მსგავსი