„სიენენი“ - დასავლელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა ომში წინააღმდეგობის გაწევას მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლებს
დასავლელი მაღალჩინოსნები შეშფოთებულები არიან კონგრესის გადაწყვეტილებით, უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, – აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ სტატიაში წერს.
როგორც „სიენენი“ წერს, დასავლელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა ომში მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას. სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთის დაზვერვის სამსახურები ახლა იმის შეფასებას ცდილობენ, რამდენი ხანი შეძლებს უკრაინა ნატო-ს და ამერიკის დახმარების გარეშე ომში წინააღმდეგობის გაწევას.
„ჩვენთან ერთად წარმატების გარანტია არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გარეშე ისინი ნამდვილად დამარცხდებიან“, – აცხადებს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი „სიენენთან“ საუბრისას.
როგორც „სიენენი“ წერს, დასავლეთში ყველაზე დიდი შეშფოთებას დახმარების ნაკლებობა იწვევს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა უკრაინა აღმოსავლეთით და სამხრეთით კონტრშეტევას ახორციელებს.
„ახალი ტერიტორიების დაპყრობისა და დაკავების შესაძლებლობას თუ განვიხილავთ, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის მიღწევა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერის გარეშე“, – განუცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა „სიენენს“.
დასავლელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინას ჯერ შორი რადიუსის რაკეტების დეფიციტი შეექმნება, შემდეგ კი, საარტილერიო ნაწილში გაჩნდება პრობლემები.
„სიენენის“ შეფასებით, სამხედრო დახმარებაში არსებული ხარვეზები უკვე ახდენს გავლენას ომის მიმდინარეობაზე, რადგან რუსული ძალები გაცილებით დიდი ინტენსივობით ისვრიან, ვიდრე უკრაინის ძალებს შეუძლიათ.