„სიენენი“ - ჩრდილოეთკორეელი სამხედროების მცირე რაოდენობა უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება
„სიენენი“ - ჩრდილოეთკორეელი სამხედროების მცირე რაოდენობა უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება

ჩრდილოეთკორეელი სამხედროები უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

კერძოდ, „სიენენი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ, დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება ჩრდილოეთკორეელი სამხედროების მცირე რაოდენობა, რომლებიც მანამდე რუსეთში მოსამზადებლად ჩავიდნენ.

„როგორც ჩანს, მათი გარკვეული რაოდენობა უკვე მოქმედებაზეა გადასული“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო.

„სიენენის“ წყაროების ცნობით, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთკორეელი სამხედროების უმეტესობა სპეცდანიშნულების ძალებს წარმოადგენს და მათი საბრძოლო ეფექტურობის შეფასება ამ ეტაპზე რთულია. ისინი ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების ნაწილი საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვედრისთანავე დეზერტირად იქცევა, ხოლო ენობრივი ბარიერი მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება ოპერაციების განხორციელებისას.

ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა „სიენენს“ განუცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩართული ჩრდილოეთკორეელი სამხედროების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„მოკავშირეები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან, მართავენ კონსულტაციებს და აქტიურად ცვლიან სადაზვერვო ინფორმაციას ამ საკითხზე, რადგან ეს გავლენას ახდენს ევროატლანტიკური, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონების უსაფრთხოებაზე და არამხოლოდ“, – ამბობს „სიენენთან“ საუბრისას წყარო.