„სიენენი“ - აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს, დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე არ მიაწვდის
ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს, დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე არ მიაწვდის.
„სიენენს“ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებაში ცვლილებების შეტანას ამ ეტაპზე ვაშინგტონში არ აპირებენ.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბრძოლის ველზე ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი ნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ კიევისთვის გადაცემული შეიარაღება და სადაზვერვო ინფორმაცია ეფექტურად მუშაობს.
ამასთან ერთად, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ომში უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესის გარდამტეხ მომენტად შეფასება ნაადრევია, რადგან რუსეთს სამხედრო ძალა ჯერ არ გამოლევია.
„სიენენის“ ინფორმაციით, ოფიციალურ პირებს არ სჯერათ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ მოკლევადიან პერიოდში შეიარაღების მიწოდების სტრატეგიაში ცვლილებები იყოს საჭირო. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინას გათავისუფლებული ტერიტორიების შენარჩუნება იმ შეიარაღებითაც შეუძლია, რომელსაც უკრაინა ამჟამად იღებს დასავლეთისგან. ამის გამო, უკრაინული მხარის ზოგიერთ მოთხოვნას ვაშინგტონში არ აკმაყოფილებენ.
„სიენენის“ ცნობით, უპირველეს ყოვლისა საუბარია შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის მქონე სარაკეტო სისტემა ATACAMS-ზე, რომლითაც შესაძლებელია 300 კილომეტრის რადიუსში მდებარე სამიზნეების განადგურება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე ამ სისტემების უკრაინისთვის გადაცემას არ აპირებს. თეთრ სახლში ამის მიზეზად „ესკალაციის საფრთხეს“ ასახლებენ, რადგან ამ სისტემების გამოყენება შესაძლებელია უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე.