„სიენენი“ - აშშ-ში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 9 200-ზე მეტი თანამშრომელია ინფიცირებული
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 9 200-ზე მეტი თანამშრომელია ინფიცირებული. შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვფიქრობ, ყველამ გავიგეთ, რომ ეს ვირუსი გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე თავდაპირველად ვფიქრობდით“, -განაცხადა „სიენენთან“ საუბარში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, ენ შუჩეტმა.
ინფიცირებული მედიკოსების 90% ჰოსპიტალიზებული არ ყოფილა. 184 მედიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, 27 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
შუჩეტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს ჰქონდეთ საკმარისი პერსონალური დამცავი აღჭურვილობა.