„სიენენი“ - ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ კურსკის ოლქში რუსეთმა სამხედროები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანა
შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ კურსკის ოლქში რუსეთმა სამხედროები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანა. ამის შესახებ „სიენენს“ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ახლა მუშაობენ, რათა დაადგინონ, ზუსტად რამდენი სამხედრო გადაჰყავს რუსეთს. ზოგიერთი წყარო თვლის, რომ კურსკის ოლქში რამდენიმე ბრიგადა ჰყავთ გადაყვანილი, თითოში კი, სულ მცირე, 1 000 სამხედროა.
„სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ, როგორც ჩანს, რუსეთს ჯერ არ გადაჰყავს უფრო მეტად გაწვრთნილი და მომზადებული სამხედროები კურსკის ოლქის გასამაგრებლად და ამას გამოუცდელი წვევამდელების ხარჯზე აკეთებს. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა, უკრაინაში არსებული დანაყოფების გარდა, კურსკის ოლქში პირადი შემადგენლობა გაგზავნა ლენინგრადის სამხედრო ოლქიდან და კალინინგრადიდან.
ამ საკითხზე „კომენსი ენენთან“ სატელევიზიო ინტერვიუს დროს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმაც ისაუბრა.
„ჩვენთვის ნათელია, რომ პუტინსა და რუს სამხედროებს რესურსი კურსკის ოლქში გადააქვთ, რათა შეეწინააღმდეგონ იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ. უკრაინიდან რუსი სამხედროების გადაყვანა არ ნიშნავს, რომ პუტინმა უარი თქვა სამხედრო ოპერაციებზე უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ან თუნდაც სამხრეთში“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
რაც შეეხება ამერიკული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე, „სიენენთან“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ-ს არ სურს, უკრაინას კურსკის ოლქზე თავდასხმისთვის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების უფლება მისცეს. მიზეზი არა ესკალაცია, არამედ ის არის, რომ აშშ-ს არ შეუძლია, საჭირო რაოდენობით უზრუნველყოს უკრაინა „ატაკამსის“ რაკეტებით.
ამავდროულად, ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი „სიენენთან“ საუბრისას ამბობს, რომ უკრაინას, კურსკში უფრო გამოცდილი სამხედროების გაგზავნით, შესაძლოა, სისუსტეები შეექმნას საკუთარ ფრონტზე. ამით კი რუსეთს შეუძლია ისარგებლოს და უკრაინის შიგნით უფრო მეტი ტერიტორია დაიკავოს.