იტალიური მედიის ინფორმაციით, „კოზა ნოსტრას“ გაქცეული ლიდერის მატეო მესინა დენაროს ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა სიცილიაზე, რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა და რეიდები ჩაატარეს.
კუნძულის დასავლეთ ნაწილში, ტრაპანის პროვინციაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში 200-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა.
ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩხრეკა ჩატარდა 30 ეჭვმიტანილის სახლებში, რომლებიც დენაროს მშობლიურ ქალაქთან კასტელვეტრანოსთან მდებარეობს.
ეჭვმიტანილებს გაქცეული კრიმინალური ავტორიტეტის დახმარებაში წაუყენეს ბრალი.
დენარო ევროპაში ძებნილი ყველაზე საშიში დამნაშავეების სიაშია. ის ნოემბერში გარდაცვლილი ტოტო რიინასთან ერთად სიცილიური მაფიის მეთაურად ითვლება. მას ათობით შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებენ, მათ შორის მოსამართლისა და პროკურორის.
დენარო 1993 წლიდან იძებნება. 2002 წლის მაისში მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა მილანში, რომსა და ფლორენციაში აფეთქებების ორგანიზებისთვის.