სია უნდა ჩავარდეს - ამ ლოზუნგით ანა დოლიძე პარლამენტთან აქციას მართავს
სია უნდა ჩავარდეს, – ამ ლოზუნგით მივიდა პარლამენტთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად. ის მოუწოდებს მმართველი გუნდის დეპუტატებს, ჩააგდონ მოსამართლეების სია.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ ყველა დეპუტატის გვარი გასაჯაროვდება, რომელიც მხარს დაუჭერს მოსამართლეთა სიას.
ანა დოლიძე ამბობს, რომ ამ სიის ჩაგდება მნიშვნელოვანია, რათა ე.წ. მორჩილი მოსამართლეები არ დაინიშნონ.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს გაიმართება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, თავდაპირველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი.