„სითი პარკი“ - მერიის უსაფუძვლო გადაწყვეტილება დააზიანებს ბიზნეს ურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის
კომპანია „სითი პარკში“ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებას არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს უწოდებენ.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და კომპანიაში მხოლოდ, თბილისის მერის კახა კალაძის სატელევიზიო გამოსვლით შეიტყვეს.
„კომპანია „სითი პარკისთვის“ მოულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ მხოლოდ მერის სატელევიზო გამოსვლით გახდა ცნობილი. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის მხარის მიერ გადადგმულ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს. ასევე, მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტაბიძემ.
მისი თქმით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიული პრინციპებისთვის.
„მიუხედავად მერის წარსულში გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტი საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე, დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარას ხდის მერიის მიზანმიმართულ უკანონო და არასამართლებრივ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, – აცხადებენ კომპანიაში.
„სითი პარკში“ პარკირების სფეროთი მაღალი თანამდებობის პირების ინტერესზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ კომპანია ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს საკუთარი უფლებების დასაცავად.
„კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა. კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის, როგორც უცხოელი ბიზნეს ინვესტორის უფლებებს.
სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე ბიზნეს ურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის“, – ამბობს „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტაბიძე.
მისი შეფასებით, განცხადება „სითი პარკთან“ დაკავშირებით პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად გაკეთდა და აუცილებლად იმოქმედებს კომპანიაში დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები რისკის ქვეშ დააყენა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 2018 წლის 10 აპრილიდან, მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. მისი თქმით, ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან.