სი ძინპინი - უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთისა და უნგრეთის ძირითადი წინადადებები ემთხვევა, მზად ვართ, დავრჩეთ უნგრეთსა და ყველა შესაბამის მხარესთან კომუნიკაციაში
უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთისა და უნგრეთის ძირითადი წინადადებები და მათი ძალისხმევის მიმართულება ემთხვევა და ჩინეთი მზადაა, დარჩეს უნგრეთსა და ყველა შესაბამის მხარესთან კომუნიკაციაში, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, პეკინი აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ.
სი ძინპინმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, შექმნას პირობები და მხარი დაუჭიროს ორ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკების განახლებას. ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური გადაწყვეტა ყველა მხარის ინტერესებშია.
ჩინეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, არ უნდა გაფართოვდეს ბრძოლის ველი და არ უნდა მოხდეს დაპირისპირების მასშტაბების ზრდა. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოველთვის მშვიდობის მხარესაა და არა – ომის.
„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მოწოდებას, ომის ნაცვლად, მსოფლიოში მშვიდობისაკენ. ჩვენ ასევე ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტს უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.