სი ძინპინი - უკრაინის კრიზისი გრძელდება, უნდა უზრუნველვყოთ, კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და ყველა მხარემ თავიდან აიცილოს ცეცხლის გაღვივება
სი ძინპინი - უკრაინის კრიზისი გრძელდება, უნდა უზრუნველვყოთ, კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და ყველა მხარემ თავიდან აიცილოს ცეცხლის გაღვივება

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია. ამის შესახებ რუსეთის ქალაქ ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

„უკრაინის კრიზისი გრძელდება. ჩინეთმა და ბრაზილიამ, გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, წარადგინეს ინიციატივა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მეგობართა სამშვიდობო ჯგუფის შექმნის შესახებ. ჯგუფის მიზანია, მოიზიდოს მეტი ხმა, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და ყველა მხარემ თავიდან აიცილოს ცეცხლის გაღვივება. ამ სამი პრინციპის მიზანია სიტუაციის სწრაფი დეესკალაციის ხელშეწყობა“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე.

„ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს და კონფლიქტი კვლავ გაჩაღდა ლიბანში, შესაბამის მხარეებს შორის შეტაკებები სულ უფრო მწვავდება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მკვლელობების შეწყვეტას და დაუღალავი ძალისხმევა მივმართოთ, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გამოსავალს პალესტინის საკითხზე“, – აღნიშნა სი ძინპინმა.