სი ძინპინი მოულოდნელად ქალაქ უხანს ეწვია, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოულოდნელად ქალაქ უხანს ეწვია. ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აღნიშნულ რეგიონში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
სი ძინპინმა თავად შეამოწმა სამუშაოები, რომლებიც რეგიონში ეპიდემიის აღკვეთის მიზნით მიმდინარეობს.
ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, ხუბეის პროვინციის გარეთ ინფიცირების ახალი შემთხვევები ზედიზედ მესამე დღეა, არ გამოვლენილა.
ხუბეის პროვინციაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი უკვე ორი თვეა, კარანტინში იმყოფება.