ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაისში სერბეთში ჩავა. ვიზიტი 1999 წელს, ნატო-ს ოპერაციის დროს ბელგრადში, ჩინეთის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის 25 წლისთავს ემთხვევა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერი ბელგრადში 7 მაისს ჩავა. ჩინეთის საელჩოში ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
სი ძინპინი სერბეთში ბოლოს 2016 წელს იყო ჩასული, ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ადგილზე, ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
ჯერ უცნობია, ეწვევა თუ არა ჩინეთის ლიდერი ევროპის სხვა ქვეყნებსაც. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის უნგრეთშიც ჩავიდეს. „კოვიდ 19“-ის პანდემიის შემდეგ ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში.