ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეს დგას და მშვიდობა სურს. ეს განცხადება ჩინეთის ლიდერმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მედიის ცნობით, სი ძინპინმა ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა.
„ჩინეთი მუდმივად ხელმძღვანელობს გაერო-ს ქარტიით და ვიკავებთ მიუკერძოებელ პოზიციას“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა ყოველთვის არის მშვიდობისა და დიალოგის მომხრე.
ჩინეთის ლიდერის შეფასებით, პუტინთან მოლაპარაკებები „ღია და მეგობრული“ იყო. მისივე განცხადებით, პუტინი მას „ტრადიციულად თბილად დახვდა“.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ის და პუტინი ათი წელია, უჭერენ მხარს ერთმანეთს და ეს გაგრძელდება. ჩინეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა მოსკოვისა და პეკინის სავაჭრო ურთიერთობებზე. მისივე თქმით, მომდევნო წლებში ორი ქვეყანა გეგმავს, გააფართოოს ენერგიით, ნედლეულითა და ელექტრონიკით ვაჭრობა.