სი ძინპინი - ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს
ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ.
„როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.
სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
„შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.
ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.
აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.