სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა ორმხრივ პატივისცემასა და ინტერესების შერწყმაზეა დაფუძნებული
ორ ქვეყანას დიდი ხნის ისტორია და კავშირები აქვს – ამ სიტყვებით გახსნა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია.
მისივე თქმით, რუსეთი და ჩინეთი ურთიერთნდობას და მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად აღრმავებენ. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა ორმხრივ პატივისცემასა და ინტერესების შერწყმაზეა დაფუძნებული. ჩინეთის პრეზიდენტმა სავაჭრო ურთიერთობებში გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა ურთიერთსარგებლობის ახალი მოდელის შესაქმნელად მამოძრავებელი ძალა იქნება.
სი ძინპინის თქმით, ასევე იმუშავებენ სამეცნიერო თანამშრომლობის ქსელის საფუძვლის შესაქმნელად და გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ჩინეთის პირველმა პირმა ისრაელი-ღაზის ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა არის ერთადერთი გზა რეგიონის გრძელვადიანი სიმშვიდისთვის. სი ძინპინმა დასძინა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ ისრაელსა და ღაზაში სიტუაციის გადაჭრის „უკიდურეს“ მნიშვნელობაზე.
„ისრაელი-ღაზის ომში უსაფრთხოების ახალი ჩარჩო უნდა შეიქმნას“, – განაცხადა სი ძინპინმა.
საუბრის ბოლოს სი ძინპინმა ორ ქვეყნას შორის მუდმივი მეგობრობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის 75 წელზე ისაუბრა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, წინააღმდეგობების მიუხედავად, ეს წინსვლისთვის მამოძრავებელი ძალა გახდა. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ყოველთვის დაიცავს საკუთარ თავდაპირველ მისწრაფებებს, სარგებელს მოუტანს მათ მოქალაქეებს და „სათანადო წვლილს“ შეიტანს მსოფლიოს სტაბილურობაში.