შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24.4%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 7 051.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 871.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 180.8 მლნ. აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივლისში 3 309.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 332.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
გაზრდილია საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობაც.
„ექსპორტის მოცულობა 417.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 536.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (27.2 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 953.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.8 პროცენტით განისაზღვრა.
2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 872.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 52.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს.
იმპორტი 1 513.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (24.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 386.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 33.5 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 19.4 პროცენტი იყო“,- ნათქვამია საქსტატის მონაცემებში.