შვიდი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავენ
ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ.
„ძვირფასო კოლეგავ, მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები.
ჩვენ საქართველოს გვერდით ვიყავით თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია და უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც თქვენ ჩადეთ რეფორმების პროგრესში წინა წლებში. თქვენ გზა გაიკვლიეთ და აჩვენეთ მაგალითი სხვა ასპირანტებს. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ, განვაგრძოთ ყველა საჭირო დახმარება, რომელიც გჭირდებათ ამ გზის გასაგრძელებლად.
საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ძალისხმევა სამართლიანად იქნა აღიარებული და დაჯილდოებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ახლახან საქართველოს მიეცა შესაძლებლობა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს წარმატებას თქვენთან ერთად. ნამდვილად ვაფასებთ ჩვენი პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის სიძლიერეს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ წლების განმავლობაში. ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზეც კი, რომელზეც ვერ ვეთანხმებით. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში, ფასეულობებისა და პრინციპების საკითხებში, ჩვენ ყოველთვის ერთიანი და მტკიცედ ერთგულები ვიყავით.
საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შემაშფოთებელია, რადგან თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებითაც თქვენ ვალდებული ხართ, იხელმძღვანელოთ და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. არსებული კანონი ცდილობს, გააჩუმოს მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ეხმარებიან საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
მოგიწოდებთ, გააუქმოთ ეს კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან. ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ხალხის შეკრების უფლების დაცვით და შეწყვიტოთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანი, როგორც ეს იყო ჩვენთვის, ვინც ევროკავშირს 20 წლის წინ შევუერთდით. ეს გზა არც გარანტირებული იყო და არც მარტივი. ეს შესაძლებელი გახადა მეგობრების ურყევმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ.
20 წლის შემდეგ საქართველოც იმავე გზაზე დგას. ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო არ გადავა თავის ვალდებულებიდან, გამოიყენოს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში მისაყვანად.
ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად ვართ, დაგეხმაროთ“, – აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე, ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, პოლონეთის სენატის თავმჯდომარე და პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე.