შვიდი ლელო და მშვიდი მოგება ესპანეთთან - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჯგუფში პირველია [ვიდეო] #1TVSPORT
შვიდი ლელო და მშვიდი მოგება ესპანეთთან - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჯგუფში პირველია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ჩაატარა და მეტოქე 41:3 დაამარცხა. ქართველებმა ესპანეთის ნაკრებს 7 ლელო გაუტანეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

 

 

ესპანეთთან ურთიერთშეხვედრებში საქართველოს ნაკრების უპირატესობა თვალში საცემი იყო. ამ მატჩამდე (2000 წლიდან მოყოლებული) საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ, 19 თამაში ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს (2011 წელს – სარეკორდო სხვაობით 60:0), ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, 3-ჯერ კი ესპანელებმა იმარჯვეს (ბოლოს 2012 წელს).

აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს ესპანეთში მოგებულია არ ჰქონდა – 2000 წელს 32:36 დამარცხდა, 2007 წელს – 17:31 და 2012 წელს – 18:25. ერთი შეხვედრა კი ფრედ 6:6 დასრულდა. ამჯერად „ბორჯღალოსნებმა“ ეს ნავსიც გატეხეს და ესპანელებთან საიუბილეო, მეოცე გამარჯვებაც მოიპოვეს.

ტორელავეგაში საქართველოს ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთისთვის აკა ტაბუცაძეს უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული, ქართულ ლელოებს შორის კი ესპანელებმა ერთი ჯარიმა გაიტანეს და სხვაობა ცოტათი შეამცირეს 10:3 საქართველოს სასარგებლოდ.

25-ე წუთზე ესპანელები დაჯარიმდნენ, თედო აბჟანდაძემ აუტზე გადაიტანა ბურთი, შემოტანის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მოლი დააყენეს, შეტევა კი ბექა გიგაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა და უპირატესობა კიდევ გაზარდა. სხვაობა უფრო სოლიდურიც იქნებოდა, მაგრამ თედო აბჟანდაძემ გარდასახვები ზუსტად ვერ შეასრულა.

ტაიმის ბოლოს ქართველებმა კიდევ ერთი შესანიშნავი ლელო გაიტანეს – ვასილ ლობჟანიძემ კარგი პასი მიაწოდა ნინიაშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, სწრაფად გაატანა ბურთი თედო აბჟანდაძეს და მანაც ძელებს შორის დაამიწა ბურთი, რომელიც თავადვე გარდასახა და ტაიმი ქართველებმა 22:3 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ჩინებული დაიწყო მეორე ტაიმი – სწრაფი შეტევა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებულმა გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ლელოთი დაასრულა, აბჟანდაძე ამჯერადაც ზუსტი იყო – 29:3.

65-ე წუთზე ესპანელები შეტევის წამოწყებას ცდილობდნენ, მაგრამ შეცდომა დაუშვეს და ბურთი გელა აფრასიძემ მოიპოვა, რომელმაც ფეხით კარგად გადაკიდა მეტოქის ხუთმეტრიან ზონასთან ახლოს, იქ კი სანდრო თოდუამ ყველას დაასწრო და კიდევ ერთი ლელო გაიტანა – 34:3, გარდასახვა მატკავამ დაარტყა, მაგრამ მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.

ესპანელების თამაში, ფაქტობრივად, მთლიანად მოიშალა. შეხვედრის ბოლომდე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანა – ამჯერად თავი დავით ნინიაშვილმა გამოიჩინა.

საქართველომ ამ მოგებით, გარდა იმისა, რომ ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა, მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც წინ წავა – იტალიას გადაასწრეს და მე-12 პოზიციას დაიკავებს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს, „ბორჯღალოსნების“ მეტოქე 19 თებერვალს რუმინეთისა და პორტუგალიის მატჩში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის, A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, B ჯგუფის გამარჯვებული კი – A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ჯგუფში მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს შედგება.