შვიდი ახალი მარშრუტი - რა მიმართულებებზე ინიშნება თბილისში ავტობუსები
გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც იქნება დამატებითი რესურსი, რათა მოქალაქეებმა მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი გადაადგილების დროს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ბოლო 10-12 წელია მსგავსი მასშტაბის სამარშუტო რეორგანიზაცია არ მომხდარა.
„გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც იქნება დამატებითი რესურსი, რათა მოქალაქეებმა მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი გადაადგილების დროს. გაიხსნა შვიდი სრულიად ახალი მარშრუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა. მათ შორის, გახსნა ნუცუბიძეზე, ცინცაძეზე დაემატა მარშრუტი, ასევე გლდანში ორთაჭალაში. ამასთან, რეორგანიზაცია მოხდა სხვადასხვა მარშრუტის და დაგრძელდა სამარშუტო ხაზები კრწანისის, თბილისი ზღვის, აფრიკის დასახლების მიმართულებით და ასევე მარშრუტებზე, სადაც ნაკლები იყო ავტობუსები, დაემატა თითო არ ორ-ორი ავტობუსი. გაიხსნება შვიდი ახალი ხაზი, მოხდა 13 ავტობუსის რეორგანიზაცია, ავტობუსების დამატება და ხაზების დაგრძელება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ახალი მარშრუტები იმოძრავებს:
• #57 – კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მ. „ისნის“ გავლით მ. „სამგორამდე“ (1 ავტობუსი).
• #58 – ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი).
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
• #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
• #67 – მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
• #74 – წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
• #76 – მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი) .
ცვლილებები მარშრუტებში:
• #60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).
• #10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით.
• #19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.
• #31 – მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
• N80 – მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით.
ავტობუსების დამატება:
• სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1,28,30,45,99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს – 2 ერთეული.
• შაბათ დღეს #28,68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში – ერთი ავტობუსი.
• ასევე, #3,46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.