შვეიცარული კომპანია SGS-სთან დაკავშირებით ნოემბრის ბოლოს სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
შვეიცარული კომპანია SGS-სთან დაკავშირებით ნოემბრის ბოლოს სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

შვეიცარული კომპანია SGS-სთან დაკავშირებით, რომელმაც ტვირთბრუნვაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს, ნოემბრის ბოლოს სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ პირველ არხს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, პრაღაში, კარასინთან დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, სადაც შეიკრიბებიან საქართველოს, შვეიცარიის, რუსეთის წარმომადგენლები და იმსჯელებენ 2011 წლის ხელშეკრულებაზე.

„სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა იყოს განხილული ყველა ნიუანსი, რომელიც ამ დრომდე ორ ქვეყანას შორის არ არის ბოლომდე შეთანხმებული“,- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა და იმედი გამოთქვა, რომ სწორედ ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მოხერხდება საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კარასინთან ბოლო შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შვეიცარულ კომპანიასთან უნდა დაწყებულიყო პროექტების გაფორმება, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და რუსული მხარე ამისთვის მზადყოფნას არ გამოთქვამდა.

მისივე თქმით, ეს არაორდინალური პროექტია, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები გაჭიანურდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მოეწერა ხელი.