შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“ დააჯილდოვეს
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“ დააჯილდოვეს საერთაშორისო ჯილდოთი – Leader of the year („წლის ლიდერი“).
როგორც „ბიზნესპარტნიორის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, დავით ბაღაშვილმა აღნიშნა, ამ ჯილდოთი მთელი გუნდი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის საქმე, რომელსაც აკეთებენ, სწორია.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. ეს აღიარებაა „ბიზნესპარტნიორისთვის“ და მისი გუნდისთვის, რადგან რასაც ვაკეთებთ, ჟიურის წევრებიც დარწმუნებულნი არიან, რომ სწორად ვაკეთებთ. ძალიან მძიმე ორი-სამი წელი იყო, პანდემიისა და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის ნაწილი. „ბიზნესპარტნიორის“ ყველაზე მთავარი ფუნქცია იყო, რომ გვერდით დავდგომოდით მათ, ვისაც რეალურად ძალიან სჭირდებოდა და ვფიქრობ, ეს როლი ჩვენ შევასრულეთ. ჩვენი გუნდის წევრები და მთლიანი ტელევიზია ამითაც იამაყებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. უნდა აღინიშნოს თითოეული კომპანიის წვლილი, რომლებსაც ეკონომიკაში გარკვეული სარგებელი მოაქვთ და როგორც წლის ლიდერები, დარწმუნებული ვარ, ისინი დიდ სარგებელს ქმნიან თავიანთი კომპანიებისთვის, მრავალი ოჯახისა და ქვეყნისთვის“, – განაცხადა დავით ბაღაშვილმა.
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთოთხმეტე ცერემონია დღეს გაიმართა. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოება, რომელიც საქართველოში ტარდება. საერთაშორისო ჯილდო Leader of the year 2022 წელს 50 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით.