შვეიცარიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ
შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამგერდი მიიჩნევს, რომ უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამისათვის ნიადაგი უნდა მოამზადოს. ამის შესახებ ამგერდმა გლობალური მშვიდობის სამიტის გახსნისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შვეიცარიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ სამშვიდობო კონფერენციის მიზანი ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება უნდა იყოს. ამგერდის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით სერიოზულად დაარღვია წესრიგი.
„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის პროცესის შთაგონება, რუსეთიც ასევე ჩართული უნდა იყოს მასში, მომავალში, გარკვეულ მომენტში. ეს ყველასთვის გასაგებია. მოვამზადებთ ნიადაგს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ვიოლა ამგერდმა.