„როიტერი“ - შვეიცარიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც „კრედიტ სუისის“ ჩამოშლასა და შვეიცარიის ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გადარჩენის გეგმას გამოიძიებს
შვეიცარიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც „კრედიტ სუისის“ ჩამოშლასა და შვეიცარიის ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გადარჩენის გეგმას გამოიძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შვეიცარიის თანამედროვე ისტორიაში ეს მეხუთე ამგვარი კომისია იქნება.
მომავალ კვირაში პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ 14-წევრიანი კომისიის შემადგენლობაზე. ამასთან, გამოძიების ზუსტი მანდატი ჯერ განსაზღვრული არ არის.
საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება შვეიცარიის პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორმა ქვეკომიტეტმა მხარი დაუჭირა სიღრმისეულ გამოძიებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედეს შვეიცარიის მთავრობამ, ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსურმა მარეგულირებელმა „კრედიტ სუისის“ საგანგებო გადარჩენის წინ.
გარიგების თანახმად, „კრედიტ სუისი“ შეიძინა შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა UBS-მა. აღნიშნული გარიგება შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით მოხდა, რისთვისაც ხელისუფლებამ ფინანსური გარანტიების სახით 109 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი გამოყო, რასაც შვეიცარიაში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.