ლუკას ბეგლინგერი - შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის გაძევება შვეიცარიის მანდატზე არ აისახება
საქართველოს გადაწყეტილება, გააძევოს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომელი, შვეიცარიის მანდატზე არ აისახება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, გაძევების შესახებ ნოტა ქართული მხარისგან უკვე მიიღეს და აცნობა რუსულ მხარესაც. „ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ნოტის სახით მივიღეთ და ვაცნობეთ რუსულ მხარეს. გადაწყვეტილება არ აისახება შვეიცარიის მანდატზე”, – აღნიშნა ელჩმა.
შვეიცარიის საელჩოს მანდატი გულისხმობს საქართველოში რუსეთის ინტერესების დაცვას და ანალოგიურად, რუსეთში საქართველოს ინტერესების დაცვას. ასეთი გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ არის მიღებული.
საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.
ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.