ბერნში მცხოვრები თანამემამულეების ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საკვირაო სკოლა პირველი მაისიდან გაიხსნა.
საკვირაო სკოლის გახსნით ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ და საქართველოს საელჩოს კონსულმა ქეთევან ესიაშვილმა მადლობა გადაუხადეს აღნიშნულ პროცესში ჩართულ თანამემამულეებს მათი ძალისხმევისა და საკვირაო სკოლის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ქართველმა დიპლომატებმა ისაუბრეს ქართული ენისა და კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის აუცილებლობასა და შვეიცარიის მასშტაბით უკვე დაფუძნებული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე.