შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება
შვეიცარიის მოსახლეობა 4 მარტს დანიშნულ რეფერენდუმზე, შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალს გადაწყვეტს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო swissinfo.ch ავრცელებს, რომელიც შვეიცარიის ნაციონალურ ტელე-რადიო სამაუწყებლო კორპორაციას SRG SSR-ს ეკუთვნის.
რეფერენდუმზე გატანილი ინიციატივა, სახელწოდებით No-Billag მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორები შვეიცარიის სახალხო და ლიბერალური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები არიან.
აღნიშნული ორგანიზაციები სახელმწიფო ტელე და რადიოკომპანიების მხარდასაჭერად მოქალაქეებისთვის გადასახადების დაწესებას ეწინააღმდეგებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქალაქეების მიერ დაფინანსების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მედიასფერო თავისუფალი ბაზრის პრინციპებით უნდა რეგულირდებოდეს, ხოლო მომხმარებლებმა თავად უნდა შეძლონ იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ტელე ან რადიოპროგრამები დააფინანსონ.
შვეიცარიის მთავრობასა და პარლამენტში კი მიიჩნევენ, რომ მედიაგადასახადზე ქვეყანა უარს ვერ იტყვის, თუმცა მას ხარისხიანი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მედიასაშუალებები სურს, რომლებიც შვეიცარიის ოთხ სახელმწიფო ენაზე მაუწყებლობენ.
კვლევითი ინსტიტუტის Gfs.Bern-ისა და „შვეიცარიის სამაუწყებლო კორპორაციის“ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ეწინააღმდეგება ინიციატივას, 38% კი მხარს უჭერს.
შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად ბერნში აქცია გაიმართა.
როგორც swissinfo.ch წერს, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარია ევროპის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამსახურს გააუქმებს.
ამასთან, ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანა 13 500 სამუშაო ადგილს დაკარგავს.
მედიაგადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით აქტიური დებატები მიმდინარეობს შვეიცარიის მეზობელ იტალიაშიც, სადაც აღნიშნული გადასახადით საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ტელე და რადიოგადაცემების 70% ფინანსდება.