შვეიცარიაში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიაში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენის, Expovina-ს საგამოფენო სივრცე ცხრა გემზე მოეწყო და ათასობით სტუმარს უმასპინძლა.
მეღვინეობის პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა“ (GeoHauss) წარადგინა.
გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე დაესწრო.
„შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინით დაინტერესების ზრდის ტენდენცია მივიღეთ იმ მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, რასაც ბოლო წლებია, ვახორციელებთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. აქტიურად უნდა გავაგრძელოთ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის მიმართულებით მუშაობა. მოგეხსენებათ, Expovina შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ორი კვირის განმავლობაში ათასობით სტუმარს, მათ შორის ღვინის ექსპერტს, სომელიეს, ჰორეკა სექტორის, მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მომავალ წელს Expovina-ს რიგით 70-ე, საიუბილეო გამოფენა გაიმართება, მზადებაც შესაბამისია. გვინდა, ქართული ღვინო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა დავით ტყემალაძემ.
გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე Expovina-ს აღმასრულებელ დირექტორს, პასკალ შლიტლერს შეხვდა. მხარეებმა 2025 წელს, Expovina-ს რიგით 70-ე გამოფენაზე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს.
კახა ჭოტიაშვილმა, რომელსაც გამოფენაზე საკუთარი, ჭოტიაშვილის მარნის ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი, აღნიშნა, რომ ევროპის ბაზარი არის ძალიან ობიექტურად მომთხოვნი ხარისხის მიმართ, რაც განაპირობებს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასაც.
„ქართული ღვინის მწარმოებლები და, მათ შორის, ჩვენც ძალიან ხშირად ვიღებთ ღვინის სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება“, – განაცხადა კახა ჭოტიაშვილმა.
ამასთან, როგორც „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss) დირექტორმა, ზვიად არაბიძემ აღნიშნა, Expovina-ს მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას შვეიცარიაში.
„ადგილობრივი ბაზრის შესწავლის შედეგად შევარჩიეთ 25 სახეობის ღვინო, რომელიც წარდგენილია გამოფენაზე. Expovina არის ყველაზე პრესტიჟული ღვინის გამოფენა შვეიცარიის მასშტაბით. ამ გამოფენაში უკვე მეოთხეჯერ ვიღებთ მონაწილეობას ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით. მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლებას შვეიცარიაში, რაც ზრდის ქართული ღვინის გაყიდვებს“, – განაცხადა „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss) დირექტორმა, ზვიად არაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის სახლი“ 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.