შვეიცარიაში ავიაკომპანია Ryanair-ის პილოტების გაფიცვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვას გეგმავენ ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც. პილოტები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მატებას ითხოვენ.
გაფიცვის გამო, კომპანია იძულებული გახდა 22 რეისი გადაედო.
პროფკავშირები გაფიცვის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კომპანია პილოტებთან მოლაპარაკებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს .
კომპანია Ryanair- მა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა თანხმობა, რომ პილოტების ინტერესებს პროფკავშირები დაიცავდა, თუმცა დღემდე მსგავსი შეთანხმება არ გაფორმებულა.
Ryanair- ი მსხვილი ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 33 ქვეყანაში მუშაობს. კომპანიაში თითქმის 12 ათასი ადამიანია დასაქმებული.