შვეიცარია „ევროპული ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა შეუერთდა „ცის ფარის“ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში ერთიანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას.
სისტემა გერმანიის ინიციატივით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. ის მიზნად ისახავს ევროპული ქვეყნებისთვის თავდაცვის სისტემების ერთობლივი შესყიდვისა და წვრთნების ჩატარების შესაძლებლობის მიცემას.
მთავრობამ განაცხადა, რომ პროგრამა თავსებადია ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსთან, რადგან არ შეიცავს რაიმე ვალდებულებებს და შვეიცარიას კვლავ შეუძლია, გადაწყვიტოს, სად და რა მასშტაბით მიიღოს მონაწილეობა.
შვეიცარიას ასევე ექნება შესაძლებლობა, შეწყვიტოს თანამშრომლობა, თუ „ცის ფარის“ რომელიმე წევრი ომში ჩაერთვება.
პროგრამაში ჩართული არიან: გერმანია, ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, ლატვია, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ნიდერლანდები, რუმინეთი და სლოვენია.