მიეცით არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი სამუშაო, – ამ სათაურით აქვეყნებს საავტორო სტატიას შვედი დეპუტატი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი შვედეთიდან ბიორნ სოდერი.
სტატიის ავტორის მოსაზრებით, ევროპის სამეზობლოში და მსოფლიოში დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიოში თავისუფლების გავრცელება გაგრძელდეს“.
ავტორის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან ევროპელი კანონმდებლები, როდესაც არჩევნების მონიტორინგის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო „საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ეუთო-სა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიების მიმართ გამოთქმული ცრუ ბალდებები“, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
„საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მედიაში გააჟღერა ცრუ ბალდებები ამ ორგანიზაციების როლისა და მათი არჩევნების მონიტორინგის მისიების მისამართით. ეს ბრალდბები უნდა გაქარწყლდეს. ოქტომბერში მეც გახლდით საქართველოში ჩატარებული საპარალემენტო არჩევნებზე მივლენილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრი და თვალყურს ვადევნებდი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა ევროპის საბჭოდან. სააკაშვილის თეორია, თითქოს რუსეთი ამ პროცესში ამა თუ იმ გზით იყო ჩართული და მართავდა ხსენებულ მისიებს, სიცრუეა და იმ პარლამენტარების შეურაცხყოფა, რომლებიც ენერგიას არ ვზოგავთ მთელ ევროპაში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. მისი კომენტარები ასახავს სააკაშვილის და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ (ევროპის სახალხო პარტიის სტაჟიანი წევრი) ავტორიტარულ მსოფლმხედველობას და ანტიევროპულ მიდგომას“, – წერს შვედი დეპუტატი.
სოდერი განმარტავს, რომ ეუთო-სა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიების შემადგენლობა პარტიული ნიშნით არაა დაკოპლექტებული.
„ამ მისიების წევრები არიან კონსერვატორები, სოციალისტები, ლიბერალები და ასე შემდეგ. ჩვენმა მისიებმა საქართველოში ადგილზე შეაფასეს საარჩევნო პროცესი ხელმისაწვდომი საარჩევნო მონაცემების, მედიაგარემოს ანალიზის და სხვა შესაბამისი ფაქტორების საფუძველზე. ჩვენი საბოლოო შეფასებაც ეყრდნობა სწორედ ამ ფაქტორებს, ანუ დემოკრატიას და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკას“, – აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის წევრი.
ამასთან, შვედი დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები უნაკლო არ ყოფილა, თუმცა მთლიანობაში არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყო.
„არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არავითარი ეჭვები არ უნდა არსებობდეს“, – წერს შვედი დეპუტატი.
მისივე თქმით, ანალოგიურ დასკვნებამდე მივიდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ.
„ეუთო და ევროპის საბჭო არიან ავტორიტეტული და დიდი ხნის წინ დამკვიდრებული საერთაშორისო ინსტიტუტები. სააკაშვილის მხრიდან თავდასხმები მათ მიუკერძოებლობაზე სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია. ეს თავდასხმები ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ქმნიან ძალიან ნეგატიურ პრეცედენტს, რომელსაც ჩვენ არ უნდა მივცეთ ფესვების გადგმის საშუალება“, – წერს შვედი კანონმდებელი.
სტატიის ავტორის მოსზრებით, „ყოველივე ეს მიუთითებს საგანგაშო ანტიდემოკრატიულ მახასიათებელზე, რომ სააკაშვილი არ არის მზად ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტის მისაღებად“.
„უფრო მეტიც, იგი დაეცა შეურაცხყოფებისა და არარეალისტური ბრალდებების დონეზე ნებისმიერი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც ადასტურებს არჩევნების შედეგების ფაქტს. უპასუხისმგებლობა და უგუნურებაა, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას. სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში“, – წერს შვედი დეპუტატი.
მისივე შეფასებით, საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და მთავრობაზე.
„ის, რაც ახლა უნდა მოხდეს, ცხადზე ცხადია: საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაზე და ეს პროცესი უკვე ამოქმედებულია. ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, საქართველოც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე (მათ შორისაა მიმდინარე COVID პანდემია) და ქვეყანას სჭირდება ფუნქციონალურად გამართული პარლამენტი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სადამკვირვებლო მისიები, ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს. დადგა დრო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმოქმედონ, მათ შორის, უარი თქვან არჩევნების მეორე რაუნდის ბოიკოტირებაზე, რაც წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების მიზანმიმართულ მცდელობას. თუკი სააკაშვილს ამის გაკეთება არ შეუძლია და ურჩევნია მედიის მეშვეობით ანტიევროპული შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, იგი, ალბათ, უნდა გამოირიცხოს კონსტრუქციული მომავლის სურათიდან. გულწრფელად გამოვთქვამ იმედს, რომ მის კომენტარებს არ ექნება გავლენა ქართველებზე, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებით“, – ნათქვამია შვედი კანონმდებლის საავატორო სტატიაში.