შვედი დეპუტატი - ევროკომისია როდესაც საქართველოს მიერ შესრულებულ რეკომენდაციებს შეაფასებს, ვფიქრობ, ქვეყანაში იქნება პოზიტიური სიგნალები და ცვლილებები, რადგან საქართველო ევროპული ოჯახის წევრია
შვედი დეპუტატი - ევროკომისია როდესაც საქართველოს მიერ შესრულებულ რეკომენდაციებს შეაფასებს, ვფიქრობ, ქვეყანაში იქნება პოზიტიური სიგნალები და ცვლილებები, რადგან საქართველო ევროპული ოჯახის წევრია

ევროკომისია როდესაც საქართველოს მიერ შესრულებულ რეკომენდაციებს შეაფასებს, ვფიქრობ, ქვეყანაში იქნება პოზიტიური სიგნალები და ცვლილებები, რადგან საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰანს ვოლმარკმა მადრიდში, საქართველოსა და შვედეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ახლა ევროპული დღის წესრიგის ბევრი ასპექტი ფოკუსირებულია ომზე და უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ „მნიშვნელოვანია, დავინახოთ რუსეთის თავდასხმები სხვა ქვეყნებზეც, განსაკუთრებით საქართველოზე, რომლის 20 პროცენტიც რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებული აქვს“.

„შვედეთი ახლა ემზადება გაწევრიანებისთვის. ეს ასევე აჩვენებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ასეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. შვედეთი მომავალი წლის პირველი იანვრიდან ასევე ხდება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ჩეხეთის შემდეგ. ჩვენი პრეზიდენტობის პერიოდი ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოებაზე, გამომდინარე ომიდან, რომელიც ევროპის კონტინენტზე გვაქვს – რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ევროპული დღის წესრიგის ბევრი ასპექტი ფოკუსირებულია ამ ომზე და უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, დავინახოთ რუსეთის თავდასხმები სხვა ქვეყნებზეც, განსაკუთრებით საქართველოზე, რომლის 20 პროცენტიც რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებული აქვს.

ქართული დელეგაციის წევრებმა გვკითხეს, ხომ ვუჭერთ მხარს საქართველოს – ჩვენი პასუხია, რა თქმა უნდა, დიახ. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მაღალი მოლოდინები ჩვენი პარტნიორების მიმართ. ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა და როდესაც კომისია შესრულებას შეაფასებს, ვფიქრობ, იქნება პოზიტიური სიგნალები და ცვლილებები საქართველოში, რადგან საქართველო ევროპული ოჯახის წევრია“, – განაცხადა ჰანს ვოლმარკმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.