შვედეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შვედეთის ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დააკავა. ის 50-წლამდე მამაკაცია, რომელიც ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, გამოძიებამ 24 ოქტომბერს მომხდარი დანაშაულის ადგილი დაადგინა.
მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. მათივე ცნობით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთნენ.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია შვედეთთან.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში კომუნიკაციაშია შვედეთთან“, – განუცხადეს 1tv.ge-ს შსს-ში.