შვედეთში რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს განცხადებით, შექმნილი ვითარება შვედეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სერიოზულია.
ხანძრის გავრცელებას უჩვეულო სიცხემ შეუწყო ხელი. შვედეთში მაისის შემდეგ ჰაერის ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსს გადააჭარბა, რაც ბოლო 150 წლის განმავლობაში შვედეთში რეკორდული მაჩვენებელია. ივნისში ტემპერატურამ შედარებით იკლო, თუმცა არ უწვიმია. ივლისში კი, სიცხე ისევ გაძლიერდა.
ხანძრის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალებულია ცენტრალური შვედეთი. ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მეხანძრეებს სამხედროები და მოხალისეები ეხმარებიან. შვედეთის დასახმარებლად ექვსი სახანძრო ვერტმფრენი გაგზავნა მეზობელმა ნორვეგიამ, იტალიამ კი ოპერაციაში სახანძრო თვითმფრინავები ჩართო.
შვედეთის ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი უახლოვდება საბრძოლო მასალების გამოცდის პოლიგონს, სადაც შესაძლოა, ნაღმები იყოს, რაც აფეთქების საფრთხეს ქმნის.