შვედეთში მიიღეს კანონი, რომლითაც მთავრობას დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლება ენიჭება
შვედეთის პარლამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ კანონს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება მთავრობას ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
შვედეთში ახალი კანონი 10 იანვრიდან ამოქმედდება, რომელიც მთავრობას ბიზნესდაწესებულებების დახურვის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ლენა ჰალენგრენის განცხადებით, ეს კანონის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს. ლენა ჰალენგრენის თქმით, უფრო ზუსტი შეზღუდვების შემოღებაა აუცილებელი, რომელიც ძალაში შესაძლოა, გარკვეული დროით დარჩეს.
ახალი კანონის თანახმად, დამატებითი შეზღუდვები შესაძლოა საჯარო ტრანსპორტზე, სავაჭრო ცენტრებზე, მაღაზიებზე, კინოთეატრებზე და ვიზიტორთა რაოდენობაზე გავრცელდეს. შეზღუდვების დარღვევისთვის კი, მოქალაქეებს შეიძლება შესაბამისი სანქციები დაეკისროთ.
შვედეთში პანდემიასთან დაკავშირებული ახალი კანონი 2021 წლის სექტემბრამდე იმოქმედებს.