შვედეთში „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა
შვედეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა.
შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ადგილებში აცრების დამადასტურებელი საშვების წარდგენის ვალდებულება გაუქმდა და შეკრებებისთვის დაწესებული წესები შემსუბუქდა.
მთავრობის რეკომენდაცია არის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხმრავლობის დროს მოქალაქეებმა პირბადე ატარონ და სიმპტომის გამოვლენის დროს შინ დარჩნენ.
„პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში. ცოდნა გაუმჯობესდა. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.
გასულ კვირაში შეზღუდვები დანიამ და ნორვეგიამაც გააუქმეს.