შვედეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 4029 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი ინფიცირებულია 33 843 ადამიანი.
შვედეთმა ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მსუბუქი მიდგომა აირჩია და მკაცრი ზომები არ დააწესა. ქვეყანაში არ დახურულა სკოლები, მაღაზიები და რესტორნები. შვედეთში სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დაცვის რეკომენდაციები გასცეს.
ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ შვედეთში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ბევრად ჩამორჩება ბრიტანეთს, საფრანგეთსა და იტალიას.