შვედეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი პროგნოზების მიხედვით, წარმატებას მემარჯვენე პარტია მიაღწევს, რომელიც მიგრანტების საწინააღმდეგო პოლიტიკის მომხრეა.
წინასაარჩევნოდ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ულტრამემარჯვენე „შვედ დემოკრატებს“ ამომრჩეველთა 20%-ი უჭერს მხარს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ნაციონალისტები შვედეთის პარლამენტში მთავრი ოპოზიციური პარტიის ადგილს დაიკავებენ.
გამოკითხვების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობას ვერც მმართველი სოციალ დემოკრატები და ვერც ცენტრისტები მოიპოვებენ.
საარჩევნო კამპანიის დასასრულს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევებმა ულტრამემარჯვენე პარტიის წევრებს „ექსტრემისტები“ უწოდა და განაცხადა, რომ „შვედი დემოკრატებისთვის“ ხმის მიცემა „სახიფათოა“. თავად ულტრამემერჯვენეები ამტკიცებენ, რომ მათი გეგმა „შეამცირონ მიგრანტების რიცხვი მთელ ევროპაში დადებითად აღიქმება“.
„შვედი დემოკრატები“ ასევე ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას უჭერენ მხარს. შვედეთში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის მთავრი საკითხი საიმიგრაციო პოლიტიკა იყო. მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიგრანტების რიცხვის ზრდის გამო ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემა დაზარალდა.
2015 წელს შვედეთმა 163 ათასი მიგრანტი შეიფარა, თუმცა მას შემდეგ ხელისუფლებამ საიმიგრაციო პოლიტიკა შედარებით გაამკაცრა.