შვედეთმა ირანში დაპატიმრებულ, სიკვდილმისჯილ მეცნიერ აჰმადრეზა ჯალალის მოქალაქეობა მიანიჭა. Reuters-ის ინფორმაციით, სტოკჰოლმის გადაწყვეტილების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს და მას პროტესტი გამოუცხადეს.
ირანის საგარეო უწყებამ შვედეთის გადაწყვეტილებას სადავო და არამეგობრული ნაბიჯი უწოდა.
ირანელი მეცნიერი აჰმადრეზა ჯალალი 2016 წლის აპრილში თეირანში დააკავეს, სადაც ის საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მას ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ირანის პროკურატურის მტკიცებით, ჯალალიმ აღიარა, რომ ისრაელის სპეცსამსახურის „მოსადის“ აგენტებს შეხვდა, რათა მათთვის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის მონაცემებით, ჯალალი სამი თვის განმავლობაში იყო დაკავებული, რა დროსაც ის წამების მსხვერპლი გახდა. ციხეში დაწერილ წერილში ჯალალი ამტკიცებს, რომ ირანის ხელისუფლება მას თეირანის სასარგებლოდ ჯაშუშობას აიძულებს.
შარშან ჯალალის გათავისუფლების შესახებ პეტიციას ნობელის პრემიის 75-მა ლაურეატმა მოაწერა ხელი.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანში 2015 წლის შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის მქონე სულ მცირე, 30 პირი დააკავეს. ირანის ხელისუფლება პატიმრების ორმაგ მოქალაქეობას არ აღიარებს და დასავლელ დიპლომატებს მათი მონახულების საშუალებას არ აძლევს.