შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატო-ს წევრობაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება მოულოდნელი იყო
შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატო-ს წევრობაზე თურქეთის პრეზიდენტის პოზიცია მოულოდნელი იყო.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებით, თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრის დროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ ჰქონია.
„შევხვდი ჩემს თურქ კოლეგას და ასევე განვიხილეთ შვედეთის შესაძლო წინადადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. კარგი, კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს და მსგავსი არაფერი უთქვამთ. არც ნატო-ს ელჩებს და არც 30 ქვეყნიდან არც ერთს არ წარმოუდგენიათ მსგავსი არაფერი. იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ყველაფერი და თუ გადავწყვეტთ ნატო-ში გაწევრიანებას, მივიღებთ დადებით შეტყობინებებს ყველა ქვეყნიდან“, – განაცხადა ან ლინდემ.
ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ თურქმა კოლეგამ ადრე დადებითად ისაუბრა სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაზე.
„ჩვენ გვჭირდება მოთმინება ამ პროცესში. ეს ყველაფერი ყოველთვის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. პრობლემების უმეტესობა ყოველთვის შეიძლება, მოგვარდეს“, – აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.