შვედეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 6-დან 12 აპრილამდე ქვეყანაში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა
შვედეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2020 წლის 6-დან 12 აპრილამდე პერიოდში შვედეთში 2 505 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული მონაცემები ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეში ყველაზე მაღალია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში 2000 წელს დაფიქსირდა და მაშინ ერთ კვირაში გარდაიცვალა 2 364 ადამიანი.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო ასევე, 2020 წლის 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, როდესაც 2 354 ადამიანი გარდაიცვალა და 13-დან 19 აპრილის ჩათვლით, რა დროსაც 2 310 ადამიანი დაიღუპა.
2020 წელს შვედეთში ყველაზე ტრაგიკული დღე 8 აპრილი იყო, როდესაც ქვეყანაში 380 ადამიანი გარდაიცვალა.
ყველაზე მეტად დაზარალდა სტოკჰოლმი, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, გასამმაგებული იყო.
2020 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა სავარაუდოდ „კოვიდ-19“-მა გამოიწვია.