შვედეთის შს მინისტრი თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების საკითხებზე გიორგი გახარიას შეხვდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრს, მორგან იოჰანსონს შეხვდება. როგორც მორგან იოჰანსონმა ბრიუსელში განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთში მომავალ კვირას აპირებს ჩასვლას.
მისი თქმით, შეხვედრაზე თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების საკითხები განიხილება.
„ვაპირებთ, განვიხილოთ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი, ასევე საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების საკითხი, რომლებიც ევროპაში ქურდობისთვის ჩადიან. ამ მხრივ, ჩვენ შვედეთში იდენტიფიცირებული გვყავს ოთხი ქვეყანა – რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო. გვინდა, საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მიიღოს ზომები ამ დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ. შვედეთში ქურდობის უმეტესი ნაწილი არის ჩადენილი საზღვარგარეთიდან ჩასული პირების მიერ“, – განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა.
მისი თქმით, გასულ კვირაში ის შვედეთში საქართველოს ელჩს შეხვდა, რომელიც ძალიან კონსტრუქციული იყო.
მორგან იოჰანსონის თქმით, საქართველოს შს მინისტრთან შეხვედრაზე ასევე, საქართველოსა და შვედეთის პოლიციის თანამშრომლობის გეგმები დაისახება.
„წინა კვირას საქართველოს ელჩს შევხდი და უნდა ვთქვა, რომ ის იყო ძალიან კონსტრუქციული. ვფიქრობ, მომავალ კვირას ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება. ჩვენ დავსახავთ კონკრეტულ ზომებს საქართველოსა და შვედეთის პოლიციას შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა მორგან იოჰანსონმა.
მისი თქმით, შვედეთისთვის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია.
აღნიშნული განცხადება მორგან იოჰანსონმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტრები არსებული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.